ფოთში კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა
ფოთში კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან ორი ფოთში გამოვლინდა. ორივე ინფიცირებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის თანამშრომელია.

ისინი თვითიზოლაციაში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„ჩვენთან პერიოდულად ტარდება სასწრაფოს თანამშრომლების ტესტირება. ერთ-ერთი ტესტირების ფონზე, რეფერალის ორ თანამშრომელს, მძღოლსა და ექიმს გამოუვლინდათ კორონავირუსით ინფიცირება. ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აქვთ. იმყოფებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ახლო კონტაქტები მოძიებულია და ყველა მათგანი ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის“, – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფოთის რაიონული სამსახურის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 18 პირი.