ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ

„რატომ გვახრჩობთ“, „ნუ გვაიძულებთ, ვისუნთქოთ შავი ჰაერი“, „არ შევიტანოთ წვლილი ერთმანეთის მოკვლაში“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.

მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

„აქ ვცხოვრობთ როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე ადგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ნონა შენგელიამ.

აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი