ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფოთის მერიასთან ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მერიის შემდეგ მოსახლეობამ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მათ საცხოვრებელ კორპუსთან გადაინაცვლა. ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა მერის მოადგილეს ვითარება ადგილზე გააცნეს. ისინი უკვე წლებია, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება, რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ.

კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისთვის საშიში ზონიდან გასახლებას ითხოვს, მათ ხელისუფლებას სამდღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

„სამი წელია, ეს პრობლემა არსებობს და ამ დრომდე მოგვარებული არ არის. უკვე ვერ ვუძლებთ, ბავშვებს ტყვიის შემცველობა ძალიან მაღალი აქვთ, უმძიმესი მდგომარეობაა. გაკეთებული გვაქვს ყველანაირი ანალიზი, სისხლის, ნიადაგის, ჰაერის. წლებია, ვაგროვებთ, გერმანიაშიც რამდენჯერმე გავაგზავნეთ და ეს ხელისუფლება წრეზე გვატრიალებს. შვილები შეიძლება, დაგვეხოცოს. სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, მაინც ვკვდებით და რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებით .ასე ცხოვრება შეუძლებელია, საშინელია მტვერია, ამას ვსუნთქავთ და ვიწამლებით. სამ დღეს ვაძლევთ ხელისუფლებას, რომ მოვიდნენ და გვითხრან, რას გვიპირებენ. აქ მცხოვრებლები ვითხოვთ კომპენსაციას, რათა ალტერნატიული საცხოვრებელი შევიძინოთ. აფხაზეთიდან გადმოვედით, აქ ავეწყვეთ და ახლაც შვილების სიცოცხლისთვის სხვაგანაც გადავალთ. ასეთ მდგომარეობაში არ უნდა გვაყენებდეს მთავრობა“, – განაცხადა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებმა ვეფხვია გულედანმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან  აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.