ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო. ისინი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, მძიმეწონიან მანქანებს გზაზე გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მძიმეწონიანი მანქანები ინტენსიურ რეჟიმში გადაადგილდებიან და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას ახორციელებენ.

ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ასევე ამბობენ, რომ მათი პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხანაა, საიდანაც მუდმივად მტვერი იფრქვევა.

„აქ შეკრებილები ვაპროტესტებთ ცემენტის ქარხანის მუშაობას, საიდანაც მტვერი იფრქვევა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ასევე ვაპროტესტებთ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას, რომლებიც მავნე ნივთიერების ტრანსპორტირებას ახორციელებენ. არ გვინდა, რომ ამ მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე იმოძრაონ. მოვიდა მერი, გავესაუბრეთ და დაგვპირდა, რომ ალტერნატიულ გზას გამონახავენ, თუმცა რამდენ წელიწადში გამონახავს ქალაქის მერი ამ გზას, ველოდებით პასუხს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ეს ქუჩა გადაიკეტება,“- განაცხადა აქციის მონაწილე ანა ქავთარაძემ.

ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს.