ფოთში ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს
ფოთში ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს

ფოთში ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვას მოითხოვენ, რომლებსაც, მათი მტკიცებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ტვირთი გადააქვთ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლება მათ დაახლოებით რვა თვის წინ დაჰპირდა შემოვლითი გზის აშენებას, თუმცა, ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა.

„გვაქვს სრულიად გაუსაძლისი მდგომარეობა: გამონაბოლქვი, მტვერი, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, სარეცხს ვერ ვფენთ გარეთ. უკვე მერამდენედ ვიკრიბებით. მერი შეგვპირდა, შემოვლით გზას ექვს თვეში ავაშენებთო, მაგრამ უკვე რვა თვეზე მეტია გასული და არაფერი შეცვლილა. სულ შევიკრიბებით და გადავკეტავთ გზას, როგორც ჩვენ გვიშლიან ნერვებს, ისე მოვუშლით იქით ნერვებს“, – განაცხადა აქციის მონაწილე მარინა ჩოჩიამ.

აქციაზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია მივიდა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

„ნავსადგურში ტვირთბრუნვამ იმატა. სწორედ ამან განაპირობა სატვირთო მანქანების სიმრავლე. ჩვენ ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ მოხდეს შემოვლითი გზის მშენებლობა, თუმცა ეს ცოტა შორეული მომავლის საკითხია. მანამდე კი უბრალოდ შეუძლებელია მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის აკრძალვა. ჩვენ ამ ქუჩის მაცხოვრებლებს ხვალ შევხვდებით და უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ არსებულ პრობლემას“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

შეკრებილები მოთხოვნის უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.