ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლების ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლების ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარხნების მუშაობასა და მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილებას აპროტესტებენ, მერიამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ალტერნატიული გზის მშენებლობის პროექტი გააცნო. როგორც მერიაში აცხადებენ,  წინასწარი გათვლებით, პროექტი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს, მანამდე კი, როგორც მათი თქმით, უსაფრთხოების ნორმები მკაცრად გაკონტროლდება.

„მოსახლეობას გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები შემოვლით გზასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ გზის ფინანსების მოძიებაზე. მუშა ჯგუფს ველოდებით, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის ამ მარშრუტს. თუ რაიმე ხელისშემშლელი პირობები არ წარმოიშვა ერთ წელიწადში დასრულდება, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში, არსებული გზების მოვლა პატრონობაა დაგეგმილი. ყველა ფირმა გაფრთხილებულია, რომ უზრუნველყონ ტვირთების უსაფრთხოდ გადაადგილება. საგზაო ნიშნები დაიდგა, რომელიც ტრანსპორტის სიჩქარეს ზღუდავს. გარდა ამისა, დამონტაჟდება კამერები და ჯარიმა იმდენად დიდი იქნება, რომ მძღოლები წესების დარღვევის გამეორებაზე ალბათ არ იფიქრებენ. ერთი სიტყვით, კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი და დაწყებულიცაა უკვე. სხვა გზა არ გვაქვს, ნავსადგურსაც და ტვირთის მოძრაობასაც ვერ გავაჩერებთ,“ – აღნიშნა არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ შონიამ.

მერიის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა.

„პასუხი ვერ მივიღეთ, ისევ გვეუბნებიან გვჭირდება ვადებიო. მხოლოდ ერთი ქუჩის მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს კონკრეტული ბიზნესმენის ბიუჯეტის გასასქელებლად. ვერ მივედით კონსენსუსამდე და იძულებული ვართ, ისევ პროტესტის ზომებს მივმართოთ,“- განაცხადა ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა, თეონა ქობალავამ.

ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ორი დღის წინ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მათ მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ქარხნების მუშაობა გააპროტესტეს. ადგილობრივების მტკიცებით, ამ მანქანებით, მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ხდება, საწარმოებებიდან გამოფრქვეული მტვერი კი, ჯანმრთელობას აზიანებს.