ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოსახლეობამ აქცია გამართა
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოსახლეობამ აქცია გამართა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც ტერმინალებია განთავსებული, ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებდნენ.

აქციის გამო ფალიაშვილის ქუჩა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ყოველდიურად ტრაილერებისა და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გამო, მუდმივად აწუხებთ ხმაური და მტვერი. მათივე თქმით, ქუჩაზე გადაადგილებაც საფრთხისშემცველია. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა აღნიშნული გზის განტვირთვა, უმოკლეს დროში საფარის მოწესრიგება, საგზაო ნიშნებისა და ვიდეოკამერების მონტაჟია.

„ისევ და ისევ, უკვე მეოთხე წელია, ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს – მძიმეწონიანი ავტომანქანების სწრაფი გადაადგილება. მსუბუქი მანქანები ისევ გვივარდებიან სახლებში. უფროსობიდან მოვითხოვეთ, რომ ვიღაცას პასუხი გაეცა, რადგან ყოველთვის იცვლებიან და ჩვენი პრობლემა კი უცვლელია, არაფერი მოგვარებულა, ველოდებით, რომ ვინმემ რამე პასუხს გვითხრას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო შემოვლითი გზის გაყვანა, მაგრამ ახლა ბეტონს აგებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აპირებენ შემოვლითი გზის გაყვანას. ტრაილერებს ისევ ამატებენ და ისევ სწრაფი სიჩქარით დადიან. ჩვენი უფლებები დარღვეულია და ვითხოვთ მათ დაცვას“, – განაცხადა აქციის მონაწილე, ანა ქავთარაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფოთის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.