ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ
ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ

ფოთში საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ.

„დაუშვებელია ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმება. 13 წლის განმავლობაში ამ ქალაქში ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებდა. მოვითხოვთ აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლას“, – აცხადებს მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა შარტავა.

ყოველწლიურად ფოთის საგამოცდო ცენტრში 1 500-მდე აპლიკანტი ირიცხებოდა. მოსწავლეები ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმებას აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და აქციების მოწყობით იმუქრებიან.

„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ფოთში მესამე წელია უმაღლესი სასწავლებელი „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ ფუნქციონირებს. მთავრობას ამის შესახებ ინფორმაცია, ალბათ, არ აქვს და ფოთის ხელისუფლებას არაფრად აგდებენ. არ ვაპირებთ ,ეს გადაწყვეტილება მივიღოთ“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დარეჯან ცხვიტარიამ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე.