ფოთში დევნილებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ
ფოთში დევნილებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ

ფოთის კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს „კოვიდ-19“-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გრძელდება „კოვიდ-19“-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.

სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს კორონავირუსის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები გადასცეს.

„კოვიდ-19“-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

საპრევენციო ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.