ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

14:45, 26.05.2019

ფოთში 26 მაისის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიება ტარდება და იგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

ფოთში ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. მოედანზე გამოყვანილია საბრძოლო ტექნიკა, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. კულტურისა და დასვენების პარკში გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები, ასევე ადგილობრივი მხატვრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ნამუშევრები.

სპეციალურად აგებულ პავილიონში ეწყობა ვიდეორგოლების ჩვენება, მოედანზე განთავსებულია სამახსოვრო ფოტოების გადასაღების სტენდები; სპეციალურად დამზადებულ თეატრალურ პავილიონში მიმდინარეობს ვიდეორგოლების ჩვენება. პარალელურ რეჟიმში იმართება სპორტული აქტივობები.

„დღეს არის განსაკუთრებული დღე. ირგვლივ სადღესასწაულო განწყობაა. მოხარული ვარ და მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ფოთში მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს. აქ წარმოდგენილია სტენდები, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია საინტერესო ფაქტების შესახებ. იხილონ ხალხური რეწვის ნიმუშები და მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე ღონისძიებებში“,- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს რამდენიმე ადამიანს მიენიჭება ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება. დღევანდელი დღე ფოთში კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

მსგავსი