ფოთში, აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს
ფოთში, აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს

ფოთში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტილი საავტომობილო გზა გახსნეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

მისი თქმით, გამოინახება ალტერნატიული გზა, რომლითაც სატვირთო მანქანები იმოძრავებენ.

„როგორც ვიცით, ნავსადგურში დაახლოებით 40-50%-ით მოიმატა ტვირთბრუნვამ. ამან თავისთავად გაზარდა სატვირთო მანქანების მოძრაობა. ეს ბუნებრივია, იწვევს ცოტა ხმაურს, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილოა. შევთანხმდით იმაზე, რომ ქალაქი მოძებნის ალტერნატიულ გზებს, რათა მოსახლეობისათვის მოხდეს სატვირთო მანქანების არიდება,“ – განაცხადა მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემის მოსაგვარებლად დრო მომდევნო სამშაბათამდე განუსაზღვრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.