ფოთში აქციის მონაწილე მოვაჭრეები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ფოთში აქციის მონაწილე მოვაჭრეები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც ბაზართან მდებარე გზის დახლებისგან გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, ქალაქის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარია ბაზართან, მთავარი გზის გასწვრივ მოწყობილ სავაჭრო დახლებზე.

მოვაჭრეები ჯერ ბაზრის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მერიასთან გადაინაცვლეს და გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მოგვიანებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მოვაჭრეთა განცხადებით, მათი საქმიანობით გზაზე მოძრაობა არ ფერხდება. მათივე თქმით, მერია პერიოდულად სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებს, რომელთა შესრულება შეუძლებელია.

„გვეუბნებიან, მოვხსნათ დახლები, რომელთაც გადახურვა აქვთ. ეს გადახურვა მერიის პროექტის მიხედვით გავაკეთეთ, რაც დიდი თანხა დაგვიჯდა. რატომ გვთხოვენ აღებას, გაუგებარია, რადგან იმ საზღვრებში ვართ, რომელიც თავად მიგვითითეს. ამის გასარკვევად მოვედით და ვერავინ გვპასუხობს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, თაკო კეკელიამ.

მერია კომპრომისზე წასვლას არ პირებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება.

„ჩვენი პოზიცია არის ასეთი – წესრიგში უნდა მოვიყვანოთ ტერიტორია. აგრარულ ბაზართან არის გზა, რომელიც ქალაქს ეკუთვნის. ვცდილობთ, გზა მოვიყვანოთ წესრიგში და დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები“, – განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ.

მოვაჭრეები სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ და აცხადებენ, რომ პარალელურად, საპროტესტო აქციებს გამართავენ.