ფოთში აფეთქებისას დაშავებულთაგან ერთი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა
ფოთში აფეთქებისას დაშავებულთაგან ერთი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა

ფოთში აფეთქებისას დაშავებულთაგან ერთი, 29 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

„ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა მამაკაცი, პოლიტრავმით – ქალატვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, საფეთქლისა და შუბლის ძვლის მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მარჯვნივ პნევმოთორაქსი. პაციენტს უგრძელდება კვლევები. მისი მდგომარეობა ტერმინალური, კომატოზურია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – აღნიშნა სულხან ორჟონიამ.

ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება განთენიისას მოხდა. სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდში, ხოლო ერთი ქუთაისში გადაიყვანეს. მესამე დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.