ფოთში 11 საჯარო სკოლა 27 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ფოთში 11 საჯარო სკოლა 27 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ფოთში 11 საჯარო სკოლა 27 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, – ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, გოჩა ქორქიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსი რვა საჯარო სკოლაში როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს დაუდასტურდათ.

„22 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, 11-ვე საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რაც გამოწვეულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით. ამ ერთი კვირის მანძილზე ყველა კონტაქტების მოძიება მოხდება. რამდენიმე მოსწავლეს აქვს „პისიარ“ ტესტი აღებული, ველოდებით პასუხებს. ამიტომ ამ პერიოდში, ყველა საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 11 საჯარო სკოლიდან რვა საჯარო სკოლაში დაფიქსირებულია კოვიდ ინფექციის შემთხვევა, როგორც მასწავლებლის მხრიდან, ასევე მოსწავლეთა მხრიდან.

გარდა ამისა, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლამ მოგვმართა რესურსცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით კვლავ განაგრძობენ მეცადინეობას დასწრებითი ფორმით, ხოლო მეშვიდედან მე-12 კლასებში ორ ნოემბრამდე დისტანციური ფორმატით ისწავლიან“, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.

დატოვე კომენტარი