ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი - არ დაგვემართოს ისე, რომ ჩვენი დედაეკლესიის ავტორიტეტი გადავაყოლოთ ინტრიგებს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი - არ დაგვემართოს ისე, რომ ჩვენი დედაეკლესიის ავტორიტეტი გადავაყოლოთ ინტრიგებს

სამწუხარო კვალი დატოვა გასულ წელს ჩვენს ეკლესიაში განვითარებულმა მოვლენებმა; მხედველობაში მაქვს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ და მის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. აქ ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც გავუსვამდი ხაზს, რადგან ვერ შევძელი ჩემი სულიერი ძმების დარწმუნება იმ ნაბიჯების გადადგმის გარდაუვალ აუცილებლობაში, რაც თავიდან ააცილებდა ეკლესიას და თვით სახელმწიფოს იმ ტიპის რყევებს, რომლის შედეგებიც არცთუ შორეულ მომავალში, სავარაუდოდ, მძაფრად იჩენს თავს, – ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო ეპისტოლეში, რომელშიც ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, მეუფე პეტრე ცაავასთან დაკავშირებულ პროცესებს მიმოიხილავს.

„ციანიდის საქმის“ შემდეგ, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც ე.წ. დამოკლეს მახვილის მსგავსად ჰკიდია ჩვენი დედაეკლესიის ინსტიტუციური სხეულის თავზე და მეტისმეტად აზიანებს მის ავტორიტეტს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ერთ-ერთი წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით დადგინდეს ჭეშმარიტება და ერთმნიშვნელოვანი პასუხით წერტილი დაესვას ყოველგვარ სპეკულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უფრო და უფრო შეუძლებელი გახდება იმ პროცესთა შეჩერება, რომელიც თანაბრად აზიანებს ჩვენს ეკლესიასა და სახელმწიფოს.

ხალხური ზეპირსიტყვიერება გვეუბნება, „ყველას თავისი სიმართლე აქვსო“; დიახ, შესაძლოა, ბევრი სიმართლე იყოს ერთდროულად, მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს!

ნებისმიერ ადამიანს (და ინსტიტუციას) აქვს (და უნდა ჰქონდეს კიდეც) უფლება სამართლიანი სასამართლოსი, სადაც გამოირიცხება იმ ტიპის „ერთსულოვანი“ დადგენილებები, რომლებიც „კენჭისყრის პროცედურას არ საჭიროებს“, არამედ ნებისმიერი საკითხის განხილვისას სათანადო პროცედურის გავლით მოხდება ჭეშმარიტების დადგენა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება; აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, ხალხს რომ უთქვამს: „ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლესო“; არ დაგვემართოს ისე, რომ ჩვენი დედაეკლესიის ავტორიტეტი გადავაყოლოთ იმ ინტრიგებს, რაც საფრთხეს უქმნის წმიდა სინოდის ერთიანობას და, შესაბამისად, ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების სულიერ ერთობას!“ – აღნიშნულია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ეპისტოლეში.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საშობაო ეპისტოლეში ასევე ყურადღება გაამახვილა ბზარზე, რომელიც მისი შეფასებით, მართლმადიდებლობაში, როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეებზე არსებობს და რომლის დაძლევა აუცილებელია.

„2019 წელს მართლმადიდებლურ სამყაროში განვითარებული მოვლენები (ზოგიერთი მათგანი დღესაც განვითარების სტადიაშია!) გვაჩვენებს, რომ თვით მართლმადიდებელობაში – როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეებზე – გაჩნდა გარკვეული „ბზარი“, რომლის დაძლევა აუცილებელია. გვაღელვებს და გვაწუხებს დღეს არსებული კრიზისული მდგომარეობა, რადგან ეს არის ერთგვარი ნაპრალი, რომლის ამოვსების გარეშე შეუძლებელი გახდება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ცოცხალ რწმენაში თანაარსებობა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შენარჩუნება; ცხადი ხდება, რომ არსებობს (და დღითიდღე მატულობს) მართლმადიდებელთა შორის მოსალოდნელი განხეთქილების ერთგვარი წინაპირობები; ეს საფრთხე თავისი მნიშვნელობით შეიძლება გაუტოლდეს XI საუკუნეში (1054 წ.) მომხდარი განხეთქილების, ე.წ. „დიდ სქიზმისმომამზადებელ საფრთხეებს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მართლმადიდებლობის შეუგნებელი თუ შეგნებული მტრების ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ და ჩვენდა უნებურად ისეთ საეკლესიო შეკრებებსა და თავყრილობებში არ მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც საქართველოს უძველესი საპატრიარქო საყდრის კანონიკურობას დააყენებს ეჭვქვეშ. უწინარეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს იერუსალიმის პატრიარქის მიერ წამოყენებული ე.წ. „ახალი“ ინიციატივა, რომელიც, თავისი არსით, აშკარად ანტიკონსტანტინოპოლური მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებს და მიზნად ისახავს კოსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს კუთვნილი იურისდიქციის ეჭვქვეშ დაყენებას. ამ ტიპის შეკრების მიზანშეწონილობა დიდად საეჭვოა, რადგან ის სინამდვილეში მართლმადიდებელთა საყოველთაო ერთობის განმტკიცებას არა თუ ხელს უწყობს, არამედ ისედაც არსებულ ბზარსა და ნაპრალს კიდევ უფრო აფართოებს და აღრმავებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ამ ტიპის შეკრებაში რაიმე სახით მონაწილეობის მიღება, მით უმეტეს, რომ ამგვარი ქმედება ვერ დასაბუთდება საერთო მართლმადიდებლური ერთობისა და სულისკვეთების შენარჩუნების მოტივით, მაშინ, როცა ჩვენ (პირადად ჩემთვის დღემდე არადამაჯერებელი მიზეზების დასახელებით!) უარი განვაცხადეთ კრეტის კრებაში მონაწილეობის მიღებაზე, და მიუხედავად კონსტანტინოპოლის თხოვნისა, თვით ერთობლივ ლიტურგიაში მონაწილეობისგანაც კი თავი შევიკავეთ, რამაც არასასურველი და უხერხული გაუგებრობები გააჩინა სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან და თვით კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობაში.

რასაკვირველია, ცხოვრება მუდმივ მოძრაობასა და ქმნადობაშია და ის ყოველდღიურობაში არაერთ საკითხს წამოჭრის, რაც ძმათა შორის დისკუსიის, კამათის ან, თუნდაც, დავის საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია, რაც რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ უკანონოდ იქნა გაუქმებული 1811 წელს (უნეტარესი პატრიარქი ანტონ II კი თავად რუსეთის იმპერატორის მიერ კათალიკოსობიდან იქნა დათხოვნილი და გადაყენებული) და მხოლოდ 1917 წელს იქნა აღდგენილად გამოცხადებული ჩვენთა წინაპართა ძალისხმევით (ისიც ადგილობრივ დონეზე), და სწორედ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ იქნა დადასტურებული 1990 წლის 4 მარტს, საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის დამადასტურებელი აღიარებითი დოკუმენტით, იგივე „ტომოსით“! ეს გარემოება ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში და მუდამ ვითვალისწინებდეთ, როდესაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთაგან მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ გარკვეული პრეტენზიები გამოითქმის, მით უფრო, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხში საქართველოს ეკლესიის ადგილის თემა თავის გაგრძელებას ელის და მსოფლიო საპატრიარქოს წამყვანი წარმომადგენლებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგი განსახილველად დასვან საქართველოს ეკლესიისთვის რეალურად კუთვნილი მე-5 ადგილის დაბრუნების საკითხი, რაშიც თვით ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ შესაბამისი ძალისხმევა და ინიციატივა“, – ნათქვამია მეუფე გრიგოლის მიერ გავრცელებულ ეპისტოლეში.