ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი დასრულდა
ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი დასრულდა

ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ელექტრონული ტენდერი დასრულდა. ცნობილია, რომ ფოთში, წმინდა გიორგის 24-ში მდებარე, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაზე შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფი“ იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომპანია ელექტრონული ტენდერის შედეგად გამოვლინდა, რომელიც შენობის რეაბილიტაციის საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესყიდვის მოთხოვნით ჩატარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „საქართველოს ტექნიკურ ჯგუფს“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. საპროექტო მომსახურება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდება.

1938 წელს, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციით აგებულ შენობაში, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს, საზღვაო აკადემია განთავსდება. შეთანხმებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის, უკვე მოეწერა ხელი.