ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში მიაჩნიათ, რომ თეატრის რეაბილიტაციისთვის საპროექტო გეგმა ხარვეზებით შედგა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში მიაჩნიათ, რომ თეატრის რეაბილიტაციისთვის საპროექტო გეგმა ხარვეზებით შედგა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში მიაჩნიათ, რომ თეატრის რეაბილიტაციისთვის საპროექტო გეგმა ხარვეზებით შედგა, რამაც სამუშაოების ვადა შესაძლოა, კიდევ გააჭიანუროს.

დირექტორის თენგიზ ხუხიას თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განხორციელებისას პრობლემებს წააწყდა, რომელთა მოგვარებაც პროექტით გათვალისწინებული არ არის.

მისივე თქმით, შეხვედრა თეატრის ხელმძღვანელობას, მშენებლებსა და მერიის წარმომადგენლებთან შედგა და აღნიშნული საკითხი უკვე განიხილეს.

„თეატრის შენობაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პირველ რიგში უნდა მოახდინოს იმის დემონტაჟი, რაც გამოსაცვლელია. გუშინ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ არა მხოლოდ ის, რაც ნაჩვენები იყო საპროექტო სამუშაოებში, დამატებით გამოჩნდა ბევრი ხარვეზი. ამიტომ გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ გადახედავენ ყველაფერს და დადებენ იმ სურათს, რაც რეალურია. შეცდომა, რომელიც ამ შენობის მშენებლობისას იქნა დაშვებული, უნდა გამოსწორდეს,“- განაცხადა თენგიზ ხუხიამ.

როგორც ირკვევა, თანხები მხოლოდ შენობის დემონტაჟისთვისაა გამოყოფილი, სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსები ჯერაც არ არის მოძიებული. მერიაში აცხადებენ, რომ საკითხს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტის ტექნიკური დავალებების მომზადების პროცესში, საპროექტო ჯგუფთან ერთად ჩართული იყვნენ თეატრის წარმომადგენლები. მათი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საპროექტო დავალება. დღეს თეატრის წარმომადგენლებს აქვთ დამატებით წინადადებები, რაც აგრეთვე იქნება შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“- აღნიშნეს მერიაში.

ფოთის თეატრის მშენებლობა ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, თეატრში არაერთხელ ჩავიდა წყალი, ორი წლის წინ კი ჭერი ჩამოინგრა. შენობა ავარიულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. თეატრალური დასი მუშაობას ფოლკლორის ცენტრის შენობაში აგრძელებს.