ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა თეატრმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა თეატრმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

„სტუმრად ქართული თეატრი სამეგრელო-ზემო სვანეთში“ – ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფოთის თეატრმა მოიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფლები და თეატრს მონატრებულ პატარა მაყურებელს ცხელი ზაფხული გაულამაზა.

პროექტის ფარგლებში ფოთის თეატრმა 20 სოფელში მოაწყო საგასტროლო ტურნე და პატარა მაყურებლის წინაშე თეატრალური წარმოდგენები გამართა.

„იცით, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე ის, რომ პატარა მაყურებელი აღუზარდო თეატრს, აჩვენო მაღალი თეატრალური პროდუქტი და აზიარო თეატრალურ ხელოვნებას. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამყარო პანდემიით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის. პატარა მაყურებელი განსაკუთრებით რეგიონებში მოკლებულია თეატრალურ ცხოვრებას და ამ პროექტით ჩვენ ვეცადეთ, გაგველამაზებინა მათთვის თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღე. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს. თეატრის შემოქმედებითმა და ტექნიკურმა ჯგუფმა ბევრი იშრომა და ეს შრომა ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერებისათვის ნამდვილად ღირდა“, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა.