ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა
ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი თანამშრომლების და მედპერსონალისთვის სამუშაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და უზრუნველყოფა, რაც ვფიქრობ, დადებითად აისახება მუნიციპალიტეტში გადაუდებელი დახმარების ხარისხზე“,–აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე.

ცენტრს რეანომობილი გადაეცა, რომელიც რეგიონის მასშტაბით კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ოფისი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ქალაქის მოსახლეობას სასწრაფო დახმარების ხუთი ბრიგადა მოემსახურება.

ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 17 რაიონულ სამსახურს გადაეცემა.