ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დილიდან უბნებზე რამდენიმე საჩივარი უკვე დაიწერა
ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დილიდან უბნებზე რამდენიმე საჩივარი უკვე დაიწერა

ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, ერთი საარჩევნო უბანი 10 წუთით ადრე გაიხსნა, რაზეც საჩივარი საოლქოში უკვე შევიდა. მისივე თქმით, პროცედურულ დარღვევებზე რამდენიმე საჩივარი უბნებზეც დაიწერა, რაც არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„საოლქოში შემოსულია ერთი საჩივარი, ეს არის საჩივარი უბანთან დაკავშირებით, რომ 10 წუთით ადრე გაიხსნა. შევიდა კომისია და ამაზე რეაგირება ექნება საოლქო კომისიას. სხვა შემთხვევაში, სხვა დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. არის პატარ-პატარა ნიუანსები, დაიწერა რამდენიმე საჩივარი უბნებზე, რაც პროცედურებთანაა დაკავშირებული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს საჩივრები დაწერილია ალბათ იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად ეს ადამიანები ჩახედული არ არიან კანონში, რადგანაც ის ყველაფერი, რაც გაკეთდა უბანზე, არის კანონის დაცვით გაკეთებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე ყველა უბანში არის სიმშვიდე“, – განაცხადა სალომე როდონაიამ.

ფოთში სულ 7 მაჟორიტარული ოლქია და 33 საარჩევნო უბანია, მათ შორის ერთი სპეცუბანი კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის. აქ 41 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნების მეორე ტურში მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ბექა ვაჭარაძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგი უგულავა იბრძვიან.

ფოთში არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან.