ფოთის საკრებულოში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
ფოთის საკრებულოში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, სტაციონარული მკურნალობის პროგრამას 15 ათასი ლარი,  ახალშობილის ოჯახების დახმარების პროგრამას კი, 3 ათასი ლარი მოაკლდა. ოპოზიცია ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის აღდგენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი წევრი შიმშილობის დაწყებას აპირებს.

„სტაციონარული მკურნალობის პროგრამას მოაკლეს 15 ათასი ლარი და სხვა მუხლში გადაიტანეს, ასევე  ოჯახების დახმარების პროგრამიდან, რომელსაც ახალშობილი ჰყავს, 3 ათასი ლარი ამოიღეს. ეს მეტყველებს, რომ ქალაქში შობადობა შემცირდა.  იმდენად მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ხალხს შვილის გაჩენის ეშინია. ერთჯერადი მატერიალურ დახმარების შემოღებას ვითხოვ, მაგრამ ვერ მივაღწიე. ეს ყველა ქალაქში მოქმედებს, გარდა ფოთისა. მაიძულებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო. თუ ერთჯერად დახმარებაზე ბიუჯეტში ცვლილება არ შეიტანეს, შიმშილობას დავიწყებ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ფოთის საკრებულოს დეპუტატმა დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია კი, ოპოზიციის მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„ამ შემთხვევაში, ვერ ვიტყოდი, რომ სოციალურ პაკეტის დაფინანსება შემცირდა. წინასწარ ვერ გავთვლით, რამდენ ადამიანს დასჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ამიტომ წლის ბოლოს ხდება კორექტირება და თანხებს შესაბამისად ვამატებთ. რამდენიმე წლის წინ უარი ვთქვით ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემაზე, რადგან გადანაწილების პრინციპი რთული იქნებოდა. ბიუჯეტს არ აქვს საშუალება ყველაზე გადაანაწილოს თანხა“, – აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.