ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და კულტურის სამსახურის უფროსი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და კულტურის სამსახურის უფროსი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ნიკა გრიგოლია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფოთის სამმართველოდან პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

ჟურნალისტებთან მას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

ამასთან, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიასა და კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ნიკა გრიგოლიას ადვოკატმა, ნუგზარ ტყებუჩავამ განაცხადა, რომ ირაკლი კაკულიას ხუთი მუხლით ედავებიან.

მისივე თქმით, დაკავებულები თავს ნირმალურად გრძნობენ.

,,ამ წუთისთვის ძალიან ძნელია რაიმეს თქმა. ირაკლის უყენებენ 180-ე მუხლს, რაც გულისხმობს თაღლითობას, 182-ე არის მითვისება, 338-ე დიდი ოდენობით ქრთამის აღება, 342-ე გულგრილობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ ბრალს. ზეგ ზუგდიდში გაიმართება სასამართლო პროცესი და ამის შემდეგ გადაწყვეტს სასამართლო, აღკვეთის ღონისძიების რომელი სახე იქნება შერჩეული, გირაო თუ პატიმრობა.ზუგდიდის რაინული სასამართლოს მოსამართლის შოთა ბიჭიას განჩინებით არიან დაკავებულები“, – განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

სამმართველოსთან შეკრებილი იყვნენ ირაკლი კაკულიასა და ნიკა გრიგოლიას ახლობლები და მეგობრები. მათ არ სჯერათ ბრალდების, რომლითაც დაკავებულებს ედავებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ყველაფერი გაირკვევა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც: სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.