ფოთის საკრებულომ თავმჯდომარედ ბექა ვაჭარაძე აირჩია
ფოთის საკრებულომ თავმჯდომარედ ბექა ვაჭარაძე აირჩია

ფოთის საკრებულომ დღეს ახალი თავმჯდომარე აირჩია. ბექა ვაჭარაძის კანდიდატურა უმრავლესობამ წარადგინა. სხდომას 22 წევრი ესწრებოდა.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 21-მა წევრმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დარეჯან ცხვიტარიას.

არსებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ წევრი თორნიკე შონია, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭი მხოლოდ ვაჭარაძის კანდიდატურას უყარეს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია პასუხისგებაში მიეცა და მას გამოძიება რამდენიმე კანონდარღვევას ედავება.

„საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს. საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და ყველა გადაწყვეტილება მიღებულია უმრავლესობით. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე კოლეგიალურად გავაგრძელებთ ყველანი ურთიერთთანამშრომლობას. ვინც ჩემს კანდიდატურას მხარს არ უჭერდნენ, მათი აზრიც, რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია. იცით, რომ ჩვენ ვართ წარმომადგენლობითი ორგანო, ჩვენ წარმოვადგენთ პირველ რიგში ჩვენს თანამოქალაქელებს, მათ ინტერესებს და შესაბამისად, ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპიც სწორედ მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვაა. იყო სხვა კანდიდატურაც, თორნიკე შონიამ შემოიტანა განცხადება. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე განაწყენებული იყოს. ჩვენ შევთანხმდით და დღეს ნახეთ, რომ საკრებულოს წევრებმა ერთობლივი გადაწყვეტილებით მხარი დამიჭირეს. არ ვიცი, რატომ დატოვა თორნიკე შონიამ სხდომა. გუნდის შიგნით რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა გუნდური პრინციპით, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა ერთი კანდიდატურა“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.