ფოთის საკონტროლო პუნქტებზე​ მოქალაქეებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ
ფოთის საკონტროლო პუნქტებზე​ მოქალაქეებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ

ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი სამხედრო ექიმები მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, მის კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუყოვნებლივ აწვდიან.

„კარანტინის გამოცხადების შემდეგ ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე რიონთან და მალთაყვასთან გადაადგილების კონტროლის ორ პუნქტზეა მობილიზებული. სამხედროებსა და სამართალდამცავებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლი და სპეციალური ხსნარებით დეზინფექციის ჩატარება, ასევე, მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი