ფოთის საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ფოთის საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ფოთის საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დეზინფექცია ქალაქში მოქმედ ყველა ეკლესიაში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირების კრებაზე მიიღეს, რომელსაც მეუფე გრიგოლი უძღვებოდა.

„დაგეგმილია, რომ ყველა ტაძარში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც ტარდება კორონავირუსით გამოწვეული ინფექციების პრევენციის მიზნით. დეზინფექცია ჩატარდება გარკვეული პერიოდულობით, ალბათ კვირაში ერთხელ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლების მიერ. დღეს ტარდება ეს სამუშაოები არა მარტო ტაძრებში, არამედ ყველა იმ დაწესებულებებში, სადაც არის ადამიანთა მასიური თავშეყრა”, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

სადეზინფექციო სამუშაოების გამო, ეპარქიაში შემავალ ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება არ შეჩერდება და წირვა-ლოცვები ჩვეულებრივად ჩატარდება.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირების კრება გაიმართა, სადაც კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელეს და რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღეს.