ფოთის პორტში ამერიკულმა გემმა 27 000 ტონა ხორბალი შემოიტანა
ფოთის პორტში ამერიკულმა გემმა 27 000 ტონა ხორბალი შემოიტანა

ფოთის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში ამერიკულმა გემმა 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ, აშშ-ისა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო. ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია „ლენ ო ლეიკსი“ (Land O’Lakes) ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილი შეიტანოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში.

„მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას,ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA), ერთი მხრივ, საქართველომ ხარისხიანი ხორბალი მიიღო, მეორე მხრივ კი, ხორბლის მონეტიზების შემდეგ, თანხები მთლიანად მიმართული იქნება საქართველოს მეცხოველეობის განვითარებისთვის. ოპერატიულად განხორციელდა ტვირთის შემოტანა, დაცლა, აწონვა, ყველა ის პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს არის საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. მომავალი წლის დასაწყისში ამერიკიდან კიდევ შემოვა ხორბალი, რომელიც ღია, გამჭვირვალე საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით მიეწოდება საქართველოს წისქვილ-კომბინატებს. კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ შემოტანილი ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი მაღალია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ფოთში, სადაც გემიდან ხორბლის დაცლის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა, ქეთევან კუბლაშვილმა აღნიშნა, ამერიკული ხორბლის საქართველოში შემოტანა ბაზრების დივერსიფიკაციის წარმატებული მაგალითია.

„მოხარულები ვართ სტრატეგიულ პარტნიორთან ხორბლის იმპორტის მიმართულებით თანამშრომლობით, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ქეთევან კუბლაშვილმა.

ფოთის პორტში, ხორბალი ამერიკული თბომავლით „ატლანტიკ რანერ II“ შემოვიდა. თბომავლის დაცლა ფოთის პორტის მე-10 ნავსადგომზე მოხდა, ტვირთის უსაფრთხოებას ბრიტანული კომპანია (DRUM Risk Ltd) ახორციელებდა. ხორბალი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში“ დაბინავდა.