ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხზე არ არის ორიენტირებული.

„ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებზეა გათვლილი. თავიანთი მომხრეები ჰყავთ დასაქმებული და ქალაქში არაფერი კეთდება. ქალაქი გაჩაჩანაკებულია, ბიუჯეტში კი აუთვისებელი თანხა რჩება. საზოგადოებამ განსაჯოს, როგორ მუშაობს მერია და საკრებულო“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.

ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი.

„საკრებულომ მიიღო 2019 წლის ბიუჯეტი და ის მაქსიმალურად არის გათვლილი მოსახლეობაზე, იმ შემოსულობებისა და ხარჯების გათვალისწინებით, რაც ქალაქს აქვს. გარდა ამისა, ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხები მოდის. ოპოზიციამ უნდა თქვას საყვედური, ნეგატივზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მათი მისიაა, არ დაუჭირონ მხარი“, – აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა.