ფოთის მერი - ქალაქის ხელისუფლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს, სამშობიარო სახლთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვაროს
ფოთის მერი - ქალაქის ხელისუფლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს, სამშობიარო სახლთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვაროს

ფოთის გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო-ნეონატოლოგიური განყოფილებისთვის საქმიანობის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით, ფოთის მერი გოჩა კურდღელია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, შპს „ქალაქ ფოთის გაერთიანებულ სამშობიარო სახლს“ უარი ეთქვა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭებაზე, რაც საქმიანობაზე ნებართვის შეჩერებას გულისხმობს.

„ქალაქის ხელისუფლება ითვალისწინებს რა შექმნილი ვითარების სირთულეს, ცდილობს, მისი კომპეტენციის ფარგლებში მოაგვაროს არსებული პრობლემა. ქალაქს არ გააჩნია ალტერნატიული სამშობიარო სახლი. სამეანო და ნეონატალური მომსახურების გარეშე დარჩენილი ფოთელები იძულებული არიან, მიმართონ მეზობელ ქალაქებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს.

პირველ ეტაპზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მიერ მობილიზებულია ბრიგადები, რათა დროულად მოახდინონ ორსულთა ტრანსპორტირება უახლოეს ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებამდე“, – აღნიშნულია მერის განცხადებაში.

ამასთან, გოჩა კურდღელიას განცხადებით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს კონსულტაციებს კლინიკის პერსონალთან არსებული პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრის მიზნით. ასევე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამედიცინო სფეროს ბიზნესმენთა დასაინტერესებლად და კერძო ინვესტორთა მოსაძიებლად.

ფოთის გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო-ნეონატოლოგიურ განყოფილებას საქმიანობის უფლება დაახლოებით 10 დღის წინ შეუჩერდა.  ეს ფოთში ერთადერთი სამშობიარო იყო.