ფოთის „კოლხეთის“ მწვრთნელი - ვფიქრობ, რომ გუნდმა საკუთარი თამაშის სტილი მოძებნა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთის“ მწვრთნელი - ვფიქრობ, რომ გუნდმა საკუთარი თამაშის სტილი მოძებნა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ეროვნული ლიგის ლიდერთან, „იბერიასთან“ სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაზე, რომელმაც გუნდს ლიგაში დარჩენის შანსი შეუნარჩუნა, თბილისის „იბერიას“ კი ჩემპიონობის აღნიშვნა გადაუვადა.

„თამაშს დადებითად შევაფასებ, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ წაგებაც არ იყო გამორიცხული. მთავარია, რომ გუნდმა ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების ჟინი გამოავლინა. ჩვენმა მეკარემ პენალტი მოიგერია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფრე ლოგიკური იყო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა ჩხეტიანმა.

„კოლხეთმა“ ბოლო ორ ტურში ჩემპიონობის ორ ყველაზე რეალურ კანდიდატთან ოთხი ქულა მოიპოვა – ქუთაისის „ტორპედოსთან“ (3:1) და „იბერიასთან“ (1:1). ჩხეტიანი იმედოვნებს, რომ ეს დარჩენილ ორ ტურში გუნდს მიზნის შესრულებაში დაეხმარება.

„ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ, დაგვიბრუნდნენ და წარუმატებელი სერია დავასრულეთ. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ გუნდმა საკუთარი თამაშის სტილი მოძებნა, საკმაოდ ხარისხიან და შედეგზე ორიენტირებულ თამაშს ვაჩვენებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეროვნულ ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ“.