ფოთის „ჭაბონამა“ ზედიზედ მეორედ მოყვარულთა თასის მფლობელია
ფოთის „ჭაბონამა“ ზედიზედ მეორედ მოყვარულთა თასის მფლობელია

ფოთის „ჭაბონამა“ ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს მოყვარულთა თასის მფლობელი.

„მოყვარულთა თასი“ ის პროექტია, რომლის მნიშვნელობისა და უნიკალურობის აღსანიშნავად, 2018 წელს უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მასობრივი ფეხბურთის განვითარების საუკეთესო პროექტისთვის ვერცხლის ჯილდო გადასცა.

რეალურად, „მოყვარულთა თასი“ ამ ლიგაში ჩემპიონს გადაეცემა. 2018 წლის გათამაშების ფინალს „ბენდელას“ სტადიონმა უმასპინძლა. ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო გუნდები, ფოთის „ჭაბონამა“ და თბილისის „უქიმერიონი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. თბილისელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, გოლის გატანის რეალური შანსი მეორე ნახევარშიც ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, 2:3 დამარცხდნენ და „ჭაბონამამ“ ზედიზედ მეორედ მოიპოვა საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო გუნდის ტიტული. შეგახსენებთ, რომ ფოთელებმა 2017 წლის ჩემპიონობის შემდეგ უეფას რეგიონთა თასზე ითამაშა.

„მოყვარულთა თასი“ სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტია. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, წლევანდელ გათამაშებაში 49 მუნიციპალიტეტის 339 გუნდმა მონაწილეობდა. მათ შორის, 40 – თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგების მონაწილე იყო, ხოლო დანარჩენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა თასზე 8500-მა ფეხბურთელმა ითამაშა, ხოლო მაყურებელთა რაოდენობამ 80 000-ს მიაღწია.