ფოთის „ჭაბონამა“ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულია
ფოთის „ჭაბონამა“ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულია

საქართველოს მოყვარულთა ლიგის 2020 წლის სეზონის გამარჯვებული ფოთის „ჭაბონამა“ გახდა, რომელმაც თბილისის „უქიმერიონი“ დაამარცხა – ფინალური შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ფოთის ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, გამარჯვებული კი ძირითად დროში ვერ გამოვლინდა.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა. ერთმანეთს მოყვარულთა ლიგის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზონების გამარჯვებულები დაუპირისპირდნენ – ფოთის „ჭაბონამა“ თბილისის „უქიმერიონის“ წინააღმდეგ.

ეს გუნდები მოყვარულთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ზედიზედ მესამედ დაუპირისპირდნენ. 2018 წლის სეზონში „ჭაბონამამ“ გაიმარჯვა – 3:2. 2019 წელს კი ფინალს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრმა უმასპინძლა, შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და 2000-ზე მეტი გულშემატკივარიც დაესწრო. დაძაბული მატჩი „უქიმერიონის“ გამარჯვებით დამთავრდა – 2:1.

ანგარიში სწრაფად გაიხსნა – „ჭაბონამა“ მე-9 წუთზე პენალტით ირაკლი ლეჟავამ დააწიანურა. ფოთელებს ამის შემდეგ კიდევ ჰქონდათ გატანის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენეს, „უქიმერიონის“ ფეხბურთელმა, ლაშა ჯოხაძემ კი მსაჯის მიერ დამატებულ 80+2 წუთზე (ტაიმები 40-წუთიანები იყო) წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დებულების თანახმად, დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ „ჭაბონამამ“ შეასრულა, 3:2 გაიმარჯვა და საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული მესამედ გახდა. გუნდი ახალ სეზონში საქართველოს უეფა-ს რეგიონთა თასზე წარადგენს.