ფოთის აგრარული ბაზარი გამკაცრებული სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს
ფოთის აგრარული ბაზარი გამკაცრებული სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს

ფოთის ბაზარი დღეს დილიდან მუშაობას აგრძელებს. ობიექტზე გამკაცრებულია სანიტარული ნორმები. ბაზარში შემსვლელი ყველა მოქალაქე კართან თავის ფულს აძლევს პირს, რომელიც რკინის ფულს ანტისეპტიკურ ხსნარში ამუშავებს, ხოლო ქაღალდის ფულს აუთოებს და მფლობელს ისე უბრუნებს.

ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგიც. ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები „კოვიდ-19“-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პრევენციისთვის ხორციელდება.

„ოფიციალურად ბაზრის დახურვაზე ჩვენ არაფერი მიგვიღია. ბრძანება ყველგან მივიდა დახურვის და ჩვენთან არა. იმედი გვაქვს, რომ არ დავიხურებით. თუ მსგავსი ბრძანება მივიღეთ იმ დღესვე დაიხურება ბაზარი.
ჩვენთან რამდენიმე დღის წინ გუბერნატორი იყო მოსული და გვითხრა, მოგვეფიქრებინა ისეთი რამე, რათა მომხმარებლებს ფულთან არ ჰქონოდა შეხება. ვიფიქრეთ ტერმინალებზე, ბარათებით მომსახურებაზე, მაგრამ ბარათიც ბევრს აქვს, ბევრს კი არა. ყველა აქ შემომსვლელს ტემპერატურას ვუზომავთ, ხელთათმანების ქონა აუცილებელია. დღეს გამოგვიგზავნიან თბილისიდან ბახილებს. ფული ანტისეპტიკური ხსნარით მუშავდება და შემდეგ უთოვდება, ამის მოფიქრება შევძელით. ამ მეთოდმა გაამართლა. ჩვენ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ, ხელისუფლება, პოლიცია ყველა ერთობლივად ჩართულია ამ საქმეში“, – განაცხადა ფოთის ბაზრის დირექრორმა, ნოდარ კორსანტიამ.