ფოთი ნატო-ს გემებს პასპინძლობს
ფოთი ნატო-ს გემებს პასპინძლობს

წვრთნები, რომელსაც საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად ვგეგმავთ, ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობას, – ამის შესახებ ფოთში, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხელმძღვანელმა მაიკლ ათლმა განაცხადა.

ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი ოთხი ქვეყნის  – რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები ფოთის პორტში დღეს შევიდნენ. ქალაქში დახვედრის ცერემონია გაიმართა. ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი ხომალდების კაპიტნებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით კი, მერიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლიერება გამოვხატო გულთბილი დახვედრისთვის, რომელიც საქართველოში და განსაკუთრებით, ამ ქალაქში მომიწყვეს. მოუთმენლად ველი დარჩენილ დღეებს, რომლებსაც აქ გავატარებ და, ასევე ველი ერთობლივ წვრთნებს, რომელსაც ვგეგმავთ საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხელმძღვანელმა მაიკლ ათლმა.

მან მოგვიანებით მედიას თურქულ ხომალდზე უმასპინძლა და ნატო- საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები შეაჯამა.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები ფოთის ნავსადგურში 18 მაისამდე დარჩებიან და ერთობლივ წვრთნებსა და საჩვენებელ სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.