„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება  
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება  

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცნობილი ჰოლივუდური ფილმის, „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კერძოდ, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე.

„აღნიშნულ პერიოდში პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, ხოლო ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, მიცკევიჩისა და იონა ვაკელის ქუჩების გავლით მოძრავი ავტობუსი N47 და მიკროავტობუსი N171 მეტროსადგურ „დელისთან“ ცინცაძის, ვლადიმერ და არჩილ ასათიანებისა და თამარაშვილის ქუჩების მეშვეობით მოხვდებიან“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, 24 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება რესპუბლიკური საავადმყოფოდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომანქანების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება.