„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა შეიზღუდება
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

კერძოდ, უწყების ცნობით, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე:

პაატა დათუაშვილის ქუჩასა (მეოთხე მიკრორაიონი) და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე) მოძრაობა სრულად აიკრძალება;

ასევე, დაიკეტება თამაზ ნადარეიშვილის ქუჩა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანები კი მოძრაობას გააგრძელებენ მხოლოდ ლისის ტბის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტით გადაადგილება ასევე აიკრძალება ელგუჯა ამაშუკელისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებზე გამომსვლელ ყველა ქუჩაზე.

ნუცუბიძის ფერდობის მეოთხე მიკრორაიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებენ როგორც ვარაზის ქუჩით და ბესო ჟღენტის ქუჩის გავლით ნუცუბიძის ქუჩაზე; ასევე, მოძრაობას შეძლებენ ლისის ტბის მხრიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით;

ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის ფერდობზე მიმავალი ავტომანქანები ლისის ტბის წრიდან იმოძრავებენ ბერიტაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოხვდებიან მეოთხე მიკრორაიონში.

10 სექტემბერს: 00:00 საათიდან 11 სექტემბრის 00:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მეოთხე მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე;

ნუცუბიძის ფერდობის მეხუთე მიკრორაიონამდე მისასვლელი გზა სრულად დაიკეტება. მეხუთე მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქის სხვა უბნების მიმართულებით, როგორც ქვეითად, ასევე, კერძო ავტომობილებით, გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება 00:00 საათიდან 08:00 საათამდე.

„ადგილობრივ მოსახლეობას დილის და საღამოს საათებში ფილმის გადამღები კომპანიის ავტოტრანსპორტი მოემსახურება. ასევე, დღის განმავლობაში პერიოდულად გაიხსნება მეხუთე მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ მიმავალი გზა“, – აღნიშნულია შსს-ს საპატრულო პოლიციის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი