„ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე სანდრო თავართქილაძემ მესამე საპრიზო ადგილი აიღო
„ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე სანდრო თავართქილაძემ მესამე საპრიზო ადგილი აიღო

„ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის მესამე და მეოთხე ეტაპების დასრულების შემდეგ, დასკვნით რბოლაში ქართველმა პილოტმა, სანდრო თავართქილაძემ ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დაძაბულ რბოლაში, მეექვსე წრეზე ქართველი მრბოლელის ბოლიდს საწვავის წნევა დაუვარდა, თუმცა ფინიშამდე მისვლა მაინც შეძლო.

მეორე ადგილზე ბრაზილიელი პილოტი ბრუნო კარნეირო გავიდა, პირველი ადგილი კი, ქართველი სპორტსმენის თანაგუნდელმა ჰოლანდიელმა ავტომრბოლელმა, ჯოი ალდერსმა აიღო. შეჯიბრი მალაიზიაში, სეპანგში, ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე ჩქარ და გრძელ ტრეკზე ჩატარდა.

„ფორმულა რენო 2019“-ის მეექვსე ეტაპი ხვალ კვლავ სეპანგში გაიმართება.

აზიის ჩემპიონატი ექვსი ეტაპისგან და 12 რაუნდისგან შედგება. შეჯიბრი ეტაპობრივად ჩინეთის სხვადასხვა ქალაქსა და მალაიზიაში ჩატარდა. საბოლოო გამარჯვებული კი, ოქტომბერში გამოვლინდება.

ქართველი პილოტი აზიის საუკეთესო გუნდთან – Blackarts Racing ერთად ასპარეზობს. 20 წლის სანდრო თავართქილაძე „ფორმულა ალფას“ კლასში საქართველოს სამგზის ჩემპიონია. ქართველი მრბოლელის გამოსვლას აფინანსებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შსს სპორტული კლუბი „მია-ფორსი“, თბილისის მერია და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია.