ფორმულა 1 | ემილია-რომანიას გრანპრი, შესაძლოა, გაუქმდეს #1TVSPORT
ფორმულა 1 | ემილია-რომანიას გრანპრი, შესაძლოა, გაუქმდეს #1TVSPORT

2023 წლის ემილია-რომანიას გრანპრის ჩატარება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. უამინდობისა და დატბორვის საფრთხის გამო გუშინ ავტოდრომიდან პადოკის (სივრცე, სადაც ბოქსებია მოწყობილი) ევაკუაცია მოხდა. ერთკვირიანი წვიმების შემდეგ მდინარე სანტერნოს დონემ საგრძნობლად აიწია.  უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ ტრასა სრულად დაცარიელდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ხუთშაბათის გარდა, წვიმიანი კვირაა მოსალოდნელი.

ქალაქ ბოლონიასთან ახლოს ბოლო პერიოდში უამინდობის გამო არაერთი წყალდიდობა იყო, დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ასობით მოქალაქეს საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.

თანამედროვე ფორმულა 1-ის ბოლიდების კომპლექტაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ გუნდებმა თითქმის ნებისმიერ ბუნებრივ პირობებში ირბოლონ, თუმცა FIA-ში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ზოგჯერ რბოლების გამართვისგან თავს იკავებენ.

შარშანდელ კალენდარში სამი წვიმიანი რბოლა გვქონდა, მონაკოში, სინგაპურსა და იაპონიაში.

უამნდობის პირობებში ხშირად ხდება ისე, რომ პილოტები სარბოლო დისტანციას სრულად ვერ გადიან. ეს შეიძლება გამოიწვიოს მარშლების გადაწყვეტილებამ, რბოლის შეჩერებამ ამინდის გაუარესების გამო ან უსაფრთხოების მანქანის ხშირმა გამოსვლამ. ამის ნათელი მაგალითი შარშან არაერთი გვქონდა. ასევე, უამინდობა აისახება ბოლიდების უშალო სიჩქარეზე და იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა. შეგახსენებთ, რომ, რეგლამენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბოლიდებმა ტრასის დისტანციის 75% ზე ნაკლები დაფარეს, ათეულში შესული პილოტები ქულების მხოლოდ ნახევარს იღებენ. ასევე, დისტანციის დასაფარად გუნდებს მხოლოდ 2 საათი აქვთ, დროის ამოწურვის შემდეგ, როდესაც პირველადგილოსანი მბრბოლელი გადაკვეთს ფინიშის ხაზს, სწორედ ის წრე ცხადდება ბოლო წრედ. ემილია-რომანიას გრანპრის ჩატარების საკითხი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. უცნობია, მისცემენ თუ არა FIA-ში გუნდებს რბოლის უფლებას.

იმოლას ავტოდრომი 70 წლის წინ, 1953 წელს გაიხსნა. ტრასამ პირველ გრანპრის 1980 წელს უმასპინძლა. ტრეკი 15 მოსახვევისგან შედგება, რომელშიც DRS-ის დეტაქციისა და აქტივაციის თითო ზონაა. სიგრძე 4909 კილომეტრია,  მბრბოლელებმა 63 წრე უნდა გაიარონ, სრული დისტანცია კი  309 კილომეტრს შეადგენს.  იმოლაში გამართული ბოლო რბოლა „რედ ბულის“ მბრბოლელმა და მსოფლიო ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა მოიგო.

თემურ სურგულაძე