„ფორბსის“ შეფასებით, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მეფე ჩარლზ მესამეზე მდიდარია
„ფორბსის“ შეფასებით, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მეფე ჩარლზ მესამეზე მდიდარია

„ფორბსის“ შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის ქონება 810 მილიონ დოლარს აღწევს. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის მეუღლის, აქშათა მართის ქონება 715 მილიონ დოლარს აღემატება.

აქშათა მართი ინდური ტექნოლოგიური გიგანტის „ინფოსის“ დამფუძნებლის, ნარაიანა მართის შვილია. ნარაიანა მართის ქონებას „ფორბსი“ 4,5 მილიარდ დოლარად აფასებს. მის ქალიშვილს და ამჟამად უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ამავე კომპანიაში 0,93%-იანი წილი აქვს.

„ფორბსი“ წერს, რომ რიში სუნაკს და მის მეუღლეს დიდი ბრიტანეთსა და კალიფორნიაში ოთხი სახლი აქვთ, რომელთა საერთო ღირებულება 18,3 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ფირბსის“ ინფორმაციით, უძრავი ქონების გარდა, რიში სუნაკის მეუღლე ასევე ფლობს დამატებით ფინანსურ აქტივებს, მათ შორის მამის კერძო საინვესტიციო კომპანიის ფილიალს. სუნაკი ამ კომპანიის 50%-ს ფლობდა, თუმცა 2015 წლის აპრილში, პარლამენტში არჩევამდე, აქციები მეუღლეს გადაუფორმა.