Forbes-მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა
Forbes-მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატიაში „რატომ არის საქართველო ღვინისა და კერძების საინტერესო ტურისტული მიმართულება“, ჟურნალისტი ადამ მორგენტერნი მკითხველს ქართულ შთაბეჭდილებებს უზიარებს. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქართულ ღვინოსა და მრავალფეროვან კერძებზე, ჟურნალისტი აღწერს საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბნებსაც.

„საქართველოში მოგზაურობისთვის ორი სიტყვა ვისწავლე, ეს არის მადლობა და გაუმარჯოს. კიდევ სხვა ფრაზებიც მოვამზადე, მაგრამ გაუთავებელმა კერძებმა, ღვინომ და ნამდვილმა სტუმართმასპინძლობამ დაგეგმილი მარშრუტებიდან გადამისროლა და სამ დღეში სხვა არაფრის თქმა აღარ იყო საჭირო. ქართველი რომ არ ვიყავი, მე მგონი ეს ხალხმა არც იცოდა. ჩემი რჩევაა, თუ არ გაქვთ შერჩეული სუფრის დატოვების სტრატეგია, ისე ქართულ სუფრაზე არ დაჯდეთ. რესტორანი იქნება თუ სახლი, სუფრაზე კერძები არ ილევა. როგორც სამზარეულოს თემატიკაზე მომუშავე მწერალი კარლა კაპალბო წერს, ქართველებისთვის სტუმარი ღვთისაა და სუფრაზე სტუმარი პასუხისმგებლობას და სიამოვნებას ნიშნავს. საჭმლის მოყვარულები საქართველოში ნამდვილად გაიხარებენ სხვადასხვა სახის ხორცის, მათ შორის ფრინველისა და თევზის კერძებით, ასევე ბოსტნეულით. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან დააგემოვნებთ სრულიად ახალი პომიდვრისა და კიტრის სალათებს, სახლში მომზადებულ ყველსა და უგემრიელეს ქართულ პურს. საქართველო იტალიას ჰგავს, თითოეულ რეგიონს კერძების საკუთარი ხელწერა აქვს“, – წერს ჟურნალისტი.

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს ხაჭაპურს, ხინკალს და სხვა კერძებს. ჟურნალისტი ადამ მორგენტერნი მკითხველს მოუთხრობს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიის შესახებ. სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, ნარიყალა, აბანოთუბანი და მეტეხი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალი Forbes-ი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ სტატიას მოამზადებს, რომელიც ღვინის რეგიონებს, ღვინის მომზადების წესებსა და ქართულ მონასტრებს მიეძღვნება.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინიტრაციამ 2017 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ქვეყნიდან 683 ჟურნალისტი და 239 ტუროპერატორი მოიწვია, პრესტურების შედეგად მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 100-ზე მეტი სატელევიზო სიუჟეტი და გადაცემა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს Forbes-ის ჟურნალისტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ.