„ფოქს ნიუსმა“ ხმის მიცემის ელექტრონული მანქანების მწარმოებელ კომპანია „დომინიონთან“ დავა შეთანხმებით დაარეგულირა და კომპანიას 787,5 მილიონ დოლარს გადაუხდის
„ფოქს ნიუსმა“ ხმის მიცემის ელექტრონული მანქანების მწარმოებელ კომპანია „დომინიონთან“ დავა შეთანხმებით დაარეგულირა და კომპანიას 787,5 მილიონ დოლარს გადაუხდის

ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ ხმის მიცემის ელექტრონული მანქანების მწარმოებელ კომპანია „დომინიონთან“ დავა შეთანხმებით დაარეგულირა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კორპორაცია „ფოქსი“ „დომინიონს“ 787,5 მილიონ დოლარს გადაუხდის. „ფოქს ნიუსს“ კომპანია ცილისწამებისთვის უჩიოდა და კომპენსაციის სახით 1,6 მილიარდ დოლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლო პროცესის დაწყების წინ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

საქმე ეხებოდა აშშ-ის 2020 წლის არჩევნებს. „დომინიონი“ ამტკიცებდა, რომ მისი ბიზნესი დაზარალდა იმის გამო, რომ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს არჩევნების შედეგები დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გაყალბდა, მათ შორის ხმების დათვლის ელექტრონული მანქანების გამოყენების საშუალებით.

„ტყუილს მოჰყვება შედეგები. ორი წლის წინ სიცრუის ნიაღვარმა წალეკა „დომინიონი“ და საარჩევნო კომისია მთელ ამერიკაში, შექმნა კონსპირაციული თეორიების ალტერნატიული სამყარო, რამაც „დომინიონს“ და ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა“, – განაცხადა კომპანიის ადვოკატმა, ჯასტინ ნელსონმა.

თავის მხრივ, „დომინიონის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯონ პოულოსმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეთანმხება ითვალისწინებს „ფოქს ნიუსის“ მიერ სიცრუის აღიარებას.

პროცესი დელავერის სასამართლოში სამშაბათს, 18 აპრილს უნდა დაწყებულიყო და მის ფარლებში „ფოქს ნიუსის“ მფლობელის, რუპერტ მერდოკის დაკითხვაც იგეგმებოდა.

აღსანიშნავია, რომ „ფოქს ნიუსის“ წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია, Smartmatic-ი ამზადებს, რომელიც ზარალის ოდენობას 2,7 მილიარდ დოლარად აფასებს.