„ფოქს ნიუსი“ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანაშემწეზე დაყრდნობით წერს, რომ კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს
„ფოქს ნიუსი“ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანაშემწეზე დაყრდნობით წერს, რომ კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს

კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს, – ეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანაშემწის ჩანგ ინ მუნის განცხადებაა, რომელსაც „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის მრჩეველმა „ფოქს ნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი 13 აპრილის შემდეგ ვოსანში იმყოფება, კანოვოდოს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი თვის დასაწყისიდან არ ჩანს. რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო მედიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ავადაა, უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გარდაცვლილია. თუმცა მეზობელი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ კიმ ჩენ ინი ცოცხალია და ის თავს კარგად გრძნობს.

თვის დასაწყისში, თავდაპირველად სწორედ სამხრეთ კორეულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს კარდიოლოგიური სისტემის იმპლანტაცია დასჭირდა.მედია წერდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ჭარბმა წონამ, თამბაქოს ხშირმა მოხმარებამ და ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა გამოიწვია.

ეჭვი მისი ცუდად ყოფნის შესახებ იმან გაამძაფრა, რომ 15 აპრილს, კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, „მზის დღეზე“ არ გამოჩნდა. ამ დღეს ჩრდილოეთ კორეაში კიმ ირ სენის დაბადების დღე აღინიშნება.

სამხრეთ კორეული გამოცემების ინფორმაციით კი კიმ ჩენ ინი ცოცხალია, თუმცა ის ოპერაციის შემდეგ, საკმაოდ მძიმე რეაბილიტაციის პერიოდს გადის.