ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სკვერი მოეწყობა
ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სკვერი მოეწყობა

ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სკვერი კი 4 000 კვ.მ-ზე განთავდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ტრენაჟორები, ასევე მოეწყობა სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები, ბავშვთა ატრაქციონები და მოსასვენებელი კუთხეები. სკვერში ოთხი საბავშვო ზონა განთავსდება, რომელიც რეზინის ბორდიურით შემოისაზღვრება. რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდება. ხეები და საპროექტო გამწვანების ზოლები ბეტონის ბორდიურით გამოიყოფა.

ფონიჭალაში მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო.

„თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი ახალი სკვერი მოეწყო. მსგავსი ტიპის სამუშაოები, პარალელურად, ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ფონიჭალაში, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით ერთი დიდი სკვერი უკვე მოვაწყვეთ და ახლა რაგბის სტადიონის აშენებაც იგეგმება. დიდი გეგმებითა და შემართებით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოსახლეობის სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

ახალი სკვერის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 375 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.