ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალი წარედგინა
ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალი წარედგინა

ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარედგინა. როგორც დაკავებულების ადვოკატმა, კახა ვიბლიანმა დროებითი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, სამივე დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა ადვოკატის თქმით, დაკავებული მამაკაცი ადვოკატთან პირად საუბარში ამბობს, რომ დამნაშავე მხოლოდ ისაა, რადგან თავად აიძულებდა ოჯახის წევრებს აღნიშნულ საქმეში ჩართვას, მათ შორის არასრულწლოვან შვილსაც.

„ნ. ჰ.-ს, ნ.კ-ს და ე.ა.-ს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ბრალი წარედგინათ. ახლა გადმომეცა საქმის მასალები და გავეცნობი. დაკავებული მამაკაცი ამბობს,  მე ვიყავი მთავარი და დანარჩენებს ვაიძულებდიო, მეუღლეს ვაიძულებდი და შვილი არაფერ შუაშიაო. დანარჩენი ვნახოთ, მასალებს გავეცნობით. ჯერ ჩვენება არ მიუციათ, დუმილის უფლებას იყენებენ. შემდეგ კიდევ შევხვდები. შეკითხვაზე, აიძულებდა თუ არა არასრულწლოვან შვილსაც ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ამბობს, რომ ნარკომანი ვარ და სხვა გზა არ მქონდაო და ვაიძულებდი ყველას, საქმეში ჩამერთოო. სიტყვიერად ასე განაცხადა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არა, დუმილის უფლებას იყენებს“, – განაცხადა ადვოკატმა, კახა ვიბლიანმა.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.

პოლიციამ ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს მძიმე დანაშაულში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.