ფონდი „ქართუ“ გორა-ბერეჟოულში ერისთავების სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის რეაბილიტაციას აფინანსებს

16:04, 13.06.2019

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერეჟოულში ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.

საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სრულად აღდგება XIX საუკუნის არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი.

ავთენტური ფორმით რესტავრირდება სასახლის იატაკი და ამორტიზებული სართულშია გადახურვა. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი თავისი მოაჯირებით, სრულად აღდგება ერისთავების სასახლის მარანი და ყველა სამეურნეო დანიშნულების სივრცე. ასევე ფონდი “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით წარიმართება სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სახელმწიფოსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მზარდი მხარდაჭერის პირობებში, დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს.

“სარესტავრაციო, საკონსერვაციო და არქეოლოგიური სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფონდი “ქართუს“ მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და სრულად წარიმართება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე. მიმდინარე წელს ფონდი “ქართუს“ ფინანსური რესურსით იქნება უზრუნველყოფილი 53 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კი, წელს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე წარიმართება“,- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი