ფონდი „ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 18 სექტემბერს ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართავენ
ფონდი „ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 18 სექტემბერს ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართავენ

ფონდი „ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 18 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმროში, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართავენ.

პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის“ საერთაშორისო კვლევით ცენტრთან ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე გაიმართება პანელური დისკუსია.

როგორც ფონდი „ქართუს“ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ფონდი „ქართუს“ ინფორმაციით, ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში . ის გახდება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი . უნივერსიტეტის მართვის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც სამ სასწავლო კორპუსს, სამ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით ორი სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას დაესწრებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკო ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალეკო თევზაძე, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი ,„იულიხის“ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერნდ ნოიმაიერი, IBA ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სერჟ ლამისე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, საგანმანათლებლო წრეებისა და საზოგადოების წარმომდგენლები.

დატოვე კომენტარი