ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, ბათუმში XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია უტარდება
ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, ბათუმში XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია უტარდება

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას. სამუშაოები ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ.

ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება მიმდინარეობს. ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.

ასევე, ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა ნოე ჟორდანიას, მაზნიაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული ხუთი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

მთავრობის წარმომადგენლებმა დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს და ამ სახლების მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.