ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.

ტაძარს რესტავრაცია ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩაუტარდა.

2018 წელს დაწყებული წეროსხევის ეკლესიის რესტავრაცია ფონდმა „ქართუმ“ 214. 500 ლარით დააფინანსა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კედლებისა და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით, გაითალა იდენტური ლავგვარდანები და მოეწყო არსებულთან შესაბამისობაში, გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლად დამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიან სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი. გარდა ამისა, ტაძრის ინტერიერში არსებული ძველი წარწერები დაკონსერვდა, კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი, იატაკი მოიჭიმა კირხსნარით.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. პირველ რიგში, განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების, სვეტებისა და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა. სამუშაოები უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა.

ფონდი „ქართუ“ ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს 28 ისტორიული ძეგლის რესტავრაციას აფინანსებს, საერთო ღირებულებით  2 728 300 ლარი.

ფონდ „ქართუს“ მიერ 2005-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტავრირებულია 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 86 539 010 ლარია.

2000 წლიდან დღემდე „ქართუ“ ასევე აფინანსებს კულტურის ინფრასტრუქტურის აღდგენას, რეაბილიტაცია, რესტავრაციასა და ა.შ. კულტურის სფეროში, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 2000 წლიდან ფონდს ჯამურად 600 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული. 2018 წელს კულტურის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯულია 25 მილიონ ლარზე მეტი. მხოლოდ 2018 წელს კულტურის სფეროზე გაცემულია: 30 970 496 ლარი.