ფონდ „იავნანას“ ხუთი თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარეს
ფონდ „იავნანას“ ხუთი თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარეს

ფონდ „იავნანადან“ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ფონდის ხუთი თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც პირველ არხს „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, ფონდის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უარი განაცხადეს და შესაბამისად, მათი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე, სასამართლოში მოხდება.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯერ ცნობილი არ არის, როდის გამოკითხავენ ფონდის ხუთ წარმომადგენელს.

„გამომძიებელმა სასამართლოს უნდა მიმართოს და ამის შემდეგ, გამოკითხვის თარიღი ჩაინიშნება“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ფონდ „იავნანას“ საქმეზე გამოძიება გასული წლის დეკემბერში დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კი „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაკითხეს, რომელიც უარყოფს გამოძიების ინფორმაციას, ფონდიდან მილიონამდე ლარის არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე.