ფონდ „აი იასა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკათერაპიის კრებული გამოიცა
ფონდ „აი იასა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკათერაპიის კრებული გამოიცა

საქველმოქმედო ფონდ „აი იასა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკათერაპიის კრებული გამოიცა. კრებულის სახელწოდებაა სახელწოდებაა „ქართული სიმღერა-თამაშები“ და ის ქართულ და ინგლისურ ენებზეა გამოცემული. სახელმძღვანელო მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ-რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზეა დაფუძნებული და ის გათვლილია სკოლამდელ დაწესებულებებზე, როგორც ტიპური განვითარების, ასევე სმენადაქვეითებულ ბავშვებზე.

მსგავსი ტიპის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად შეიქმნა. ის მუსიკის საშუალებით ბავშვის უნარების განვითარებას უზრუნველყოფს. როგორც ფონდ „აი იას“ დამფუძნებლებმა განაცხადეს, წიგნი ყველა საბავშვო ბაღს გადაეცემა.

წიგნი გერმანიაში მომუშავე ქართული მუსიკათერაპევტის, მარინა რაიდტ-ალთუნაშვილისა და ფონდ „აი იას“ ორი მუსიკათერაპევტის, თამარ ჟორდანიასა და სალომე ხუციშვილის ავტორობით შეიქმნა.

„ეს სახელმძღვანელო გახლავთ არა მხოლოდ სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის, არამედ დარიგდება ყველა საბავშვო ბაღში და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. „ქართული სიმღერა-თამაშები“ არის ერთადერთი და პირველი საქართველოში. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ვერსიაც ყველა მსურველისთვის“, – განაცხადა ფონდ „აი იას“ დირექტორმა, ნანა გოთუამ.

საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ 2016 წლის 14 აპრილს დაფუძნდა. ფონდი საქართველოში მცხოვრები სმენადარღვეული ბავშვებისთვის სრულფასოვანი რეაბილიტაციის მოდელის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით შეიქმნა.