ფოლკლორის ცენტრში ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი გაიმართა
ფოლკლორის ცენტრში ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი გაიმართა

კამპანია #გაატარეზაფხულისაქართველოში ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი გაიმართა.

რეპერტუარის ძირითადი წყარო ძველი საარქივო ჩანაწერებია. ღონისძიებაზე ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშებთან ერთად მსმენელები საქართველოს ტურისტული რესურსის შესახებ ვიდეო და ფოტო კოლაჟებს გაეცნენ.

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს ჩამოყალიბდა. ანსამბლი 25-დღიანი ტურნეს შემდეგ, კანადიდან ახლახანს დაბრუნდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანობა წარადგინა.

ფოლკლორის ცენტრის სტუმრებს საშუალება ექნებათ გალერეაში ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ასევე ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა „ეს ჩემი საქართველოა“ დაათვალიერონ. ფოლკლორის ცენტრში გამოფენები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი და რესტორანი „ეკო გარდენია“.